საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში „ჰაიდელბერგცემენტის“ რუსთავის ქარხანა შემოწმდა

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულებისა და რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ,,ჰაიდელბერგცემენტის“ რუსთავის ქარხანაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილს, ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს ლევან ვეფხვაძეს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა კეთდება კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების კუთხით.

„ჩვენ ვაგრძელებთ საწარმოებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას. დღეს „ჰაიდელბერგცემენტში“ ვიმყოფებით. აუცილებლად ყველა საწარმოში შევალთ, რადგან რუსთაველების მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. “ჰაიდელბერგცემნტს“ ნამდვილად აქვს ინვესტიციები განხორციელებული იმ კუთხით. უკვე დამონტაჟებულია ფილტრაციის სისტემა. უახლოეს მომავალში აქ იქნება დეტექტორები, რომლითაც რეალურ მდგომარეობას ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ვნახავთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარისას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „ჰაიდელბერგცემენტი“ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

„ჩვენ დღეს ვნახეთ რამხელა ინვესტიციას ახორციელებს ეს კომპანია, იმისთვის, რომ მისი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება შემცირდეს. მათ ელექტროენერგიის ფასი გაუძვირდათ, გაუორმაგდათ ბუნებრივი აირის, ნახშირის ფასი. პანდემიაა, მაგრამ კომპანია გარემოს მიმართ პასუხსმგებლობით დამოკიდებულებას არ აჩერებს და ინვესტიციებს ახორციელებს. მე იმედი გვაქვს, რომ ზოგადად 2022 წელი, არა მხოლოდ ამ საწარმოსთვის, ზოგადად, სხვა საწარმოებისთვისა და რუსთავისთვის გარდამტეხი იქნება და წლის ბოლოს გაცილებით განსხვავებული გარემო იქნება ამ ქალაქში“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც “ჰაიდელბერგცემენტში“ აცხადებენ, ღუმელებისა და ცემენტის წისქვილების მტვერდამჭერი მოწყობილობები აქამდე არსებული გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად იყო დამონტაჯებული და ფუნქციონირებს. არსებული კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნებისთანავე საწარმოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უწყვეტი მონიტორინგის სისტემა უკვე შეისყიდა.

„ტენდერის საფუძველზე და ჩვენი გერმანელი კოლეგების რეკომენდაციით, უწყვეტი მონიტორინგის ხელსაწყოების მომწოდებელი წამყვანი გერმანულ კომპანია „დოქტორ ფოედიში“ შეირჩა. „ჰაიდელბერგცემენტმა“ უკვე შეიძინა აღნიშნული აპარატურა, რომლის ღირებულება 1 მილიონი ლარია და აპარატურის მონტაჟზე ხელშეკრულება გააფორმა. ინსტალაციის სავარაუდო პერიოდი 2022 წლის აპრილი-მაისია“, - აღნიშნა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა, გიორგი ჩალაძემ.

2022-2023 წლებში, კომპანიაში დაგეგმილია საერთაშორისო გარემოს დაცვითი მენეჯმენტის სტანდარტის ISO 14001-ის დანერგვა, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების მენეჯმენტის უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა