"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება, ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი მეთოდებით "ვერ გააჩერებენ" და "ბრძოლა გრძელდება".
"დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით,
ბრძოლა გრძელდება", - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის დასკვნის წარდგენისას განაცხადა, კომიტეტმა განაჩენის ასლი გამოითხოვა.
„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.