ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული, რატომ არ უნდა განგვეხილა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი - ამ განმარტებას გიკეთებთ იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ჩამოკიდებთ ხოლმე მძიმე ბრალდებას ადამიანს ან კომიტეტს, რაც იოტისოდენადაც არ შეესაბამება სინამდვილეს,- ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას.
მისივე განმარტებით, კომიტეტზე ოპოზიციონერი კოლეგების მსჯელობა ძირითადად გამოხატავდა ადვოკატის ხედვას სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით და იმას თუ რა წინააღმდეგობები შეიძლება ყოფილიყო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
„ქალბატონო ანა, ალბათ, ძალიან ბევრი მცნება 2 წინადადებაში აურიეთ ერთმანეთში - 2 საათი მიმდინარეობდა მაგ საკითხზე მსჯელობა და უამრავი პოზიცია იქნა გამოთქმული, მაგრამ ვერც ერთი პოზიცია ვერ იქნა დასაბუთებულად გამოთქმული თუ რატომ არ უნდა განგვეხილა რეგლამენტისა და კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეს კონკრეტული საკითხი. იმიტომ, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. კომიტეტზე თქვენი პარტიის წარმომადგენელმა ბევრი იმსჯელა ამ საკითხზე, მაგრამ საკითხი ძირითადად ეხებოდა ადვოკატის ხედვას სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლთან დაკავშირებით და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რა წინააღმდეგობები შეიძლება ყოფილიყო და რა წინააღმდეგობებს ხედავს შალვა შავგულიძე. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი ზემდგომ ინსტანციაში ან გარკვეული შეფასება ხდებოდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, რამდენად ბოლომდე გამართულია ან არ არის გამართული. შეიძლება საკონსტიტუციო დავის საგანიც კი გახდეს, მაგრამ არ არსებობს არც ერთი მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა განეხილა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ეს საკითხი და არ დაესვა ეს საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე. ამ განმარტებას გიკეთებთ იმიტომ, რომ ადვილად და სწრაფად ჩამოკიდებთ ხოლმე მძიმე ბრალდებას ადამიანს ან კომიტეტს, რაც იოტისოდენადაც არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.