პარლამენტის წევრმა შესაბამისი სამართალდარღვევა უნდა ჩაიდინოს, იმისთვის, რომ მას შეუწყდეს უფლებამოსილება; სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს და იმავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში უნდა იყოს შესულიო - [ბადრი ჯაფარიძის საქმეზე] ეს სამივე კრიტერიუმი სახეზეა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს.
მისივე თქმით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
„როცა შეწყვეტაზეა საუბარი, შეწყვეტას 76 ხმა სჭირდება. თეორიულად კომიტეტის ყველა წევრმაც რომ დაუჭიროს მხარი, შეიძლება უმრავლესობის წევრებს სხვა პოზიცია ჰქონდეთ, ანუ 76 ხმა ვერ მოგროვდეს. ჩვენ აქ ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამაზე შეიძლება იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ სხვა მოცემულობაში ვართ, სხვა კანონმდებლობით ვხელმძღვანეობთ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სამი კრიტერიუმი, რომელიც სასამართლომ დაადგინა არის შემდეგი: პარლამენტის წევრმა შესაბამისი სამართალდარღვევა უნდა ჩაიდინოს, იმისთვის, რომ მას შეუწყდეს უფლებამოსილება; სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს და იმავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში უნდა იყოს შესულიო. აქ თქვენ მხოლოდ პირველზე გაამახვილეთ ყრუადღება, რადმენად შეიძლება ეს დანაშაული შესაბამის დანაშაულად ჩაითვალოს. თუ თაღლითობა არ არის შესაბამისი დანაშაული, ეს თქვენი შეფასებაა, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. თაღლითობა საკმაოდ მძიმე დანაშაულია. ჩვენ ახლა არა 31-ე მუხლთან და კონსტიტუციის რომელიმე ნორმასთან მიმართებით უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ გამოვდივართ 39-ე მუხლის მე-5 პუნტქის შესაბამისი ქვეპუნქტის მოთხოვნიდან - ეს უნდა იყოს დანაშაული, გამამტყუნებელი განაჩენი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი - ეს სამივე მოცუმლობა სახეზეა, ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ამ კრიტერიუმებითა და კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პარლამენტს, ირაკლი ქადაგიშვილი ვერ გიპასუხებთ 150 პარლამეტის წევრიდან ვინ რა პოზიციას დაიჭერს“, - განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.