საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. კომიტეტის შესაბამისს დასკვნას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.

ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, კომიტეტმა დაადგინა, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში 15 პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც ნათელაშვილმა, ასევე ხოშტარიამ 15-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. მათ არც ერთ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაუვლიათ, რაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრებმა დაადასტურეს, რომ მანდატების შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა მათ მმართველ გუნდს მოუწოდეს, შალვა ნათელშვილთან დაკავშირებით ის გარემოება გაითვალისწინონ, რომ „ლეიბორისტთა“ ლიდერი საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას აპირებს, ამაზე მისი საჯარო განცხადება არსებობს და გადაწყვეტილებაც სწორედ საკითხის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღონ. ამ კონტექსტში გასული წლის პრეცედენტიც გაიხსენეს, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების ვადამდე შეწყვეტის სურვილი ჰქონდათ, თუმცა მმართველმა უმრავლესობამ მათი შესაბამისი განცხადებები არ დააკმაყოფილა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა კუჭავას წერილობითი მიმართვა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და დაადგინა, რომ მას მანდატი ვადამდე უნდა შეუწყდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა