თუ გინდა იყო პოლიტიკურ "შატალოზე", ეს არის შენი გადასაწყვეტი და ამ შემთხვევაში შეგიწყდება უფლებამოსილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კომიკურია, რომ ოპოზიცია უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს.
"ოპოზიციონერების პირადი განცხადებებიც კი იყო დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუმცა, არ შევუწყვიტეთ არც ერთს, რადგან გავითვალისწინეთ პოლიტიკური პროცესი და დღეს, ახლა აქეთ შემოტრიალება ამ საკითხის, რომ პოლიტიკური ნიშნით გვინდა ვიღაცას მანდატი შევუწყვიტოთ, არასერიოზულია. რეგლამენტში არის მითითება, არ უნდა დაარღვიო რეგლამენტი და უნდა იარო პარლამენტში. თუ გინდა იყო პოლიტიკურ "შატალოზე", ეს არის შენი გადასაწყვეტი და ამ შემთხვევაში შეგიწყდება უფლებამოსილება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მაჭარაშვილის განცხადებით, კომიტეტი სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ, კონსულტაციების საფუძველზე მიიღებენ.
"მე წინასწარ არ მინდა პოზიციები გავაჟღერო, კომიტეტზე იქნება სამართლებრივი მსჯელობა და მივიღებთ სამართლებრივ დასკვნას, რაც გადაეგზავნება პარლამენტს გადაწყვეტილების მისაღებად. კონსულტაციები სამართლებრივ საკითხებზე არის და შემდგომ გვექნება პოლიტიკურ საკითხებზეც,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.