რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქში შიდა საუბნო რეკრეაციული და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,ჩვენ ვახორციელებთ მსხვილი რეკრეციული სივრცეების რეაბილიტაციას, ასევე შიდა უბნებსა და ეზოებში ისეთი ადგილების მოწყობას, სადაც მოსახლეობას დასვენების შესაძლებლობა ექნება. რუსთავში რამდენიმე მისამართზე შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მე ადგილზე ვეცნობი თითოეული პროექტს. მთავარია, რომ სამუშაოები დასრულდეს მაქსიმალურად დათქმულ ვადებში და მოსახლეობაზე ორიენტირებული იყოს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი მინი სკვერების მოწყობის სამუშაოები, დღეისათვის რვა მისამართზე დასრულდა. ქალაქის სხვადასხვა უბნის შიდა ეზოებში მოეწყო დეკორატიული ღობეები, ბორდიურები, მწვანე სივრცე, სარწყავი, გარე განათების სისტემა და საბავშვო-გასართობი ზონა. პროექტების განსახორციელებლად, რუსთავის ბიუჯეტიდან, ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
მათი ინფორმაციით, 2022 წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროეტების გასახორციელებლად, ადგილობრივ ბიუჯეტში, გასულ წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული.