„სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ცვლილებები და ვადად განისაზღვრა საგაზაფხულო სესიის ბოლო. როგორც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსულმა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,საკუთარი ხედვები პოლიტიკურმა ჯგუფებმა თვის ბოლოს უნდა წარუდგინონ სამუშაო ჯგუფს.
„შევთანხმდით თუ რა ფორმატში ვიმუშავებთ და რა ვადაში, ვადა პირობითად აიღეს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე უნდა მივიღოთ კონკრეტული ცვლილებები. ის თუ რა ხედვები გვაქვს, თვის ბოლოს უნდა წარმოადგინოს კონკრეტულმა ჯგუფმა, ფრაქციამ, რა ტიპის რეფორმას და ხარვეზებს ვხედავთ. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ არსებობს პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებით შევთავაზებთ კონკრეტულ გადაწყვეტებს. მთავარია, შევთანხმდით, რომ მართლმსაჯულების რეფორმა სჭირდება ქვეყანას. თვის ბოლოს გაიმართება შეხვედრა და გვეცოდინება შესაძლებელია თუ არა პოზიციის დაახლოება. არასწორი იქნება თავიდანვე გამოვაცხადოთ, რომ არ ვენდობით პროცესს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება უარი ვთქვათ ამ შესაძლებლობაზე, რომ რაღაც წინ წავიდეს",- განაცხადა მანჯგალაძემ.