მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ოპონენტებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ვერბალურ პოლიტიკურ პაექრობას, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ წერილობით შეფასებას, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, “ქართული ოცნების“ გუნდმა ოპოზიციონერ კოლეგებს მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით 29 თებერვლის ჩათვლით შეფასებითი წერილობითი დოკუმენტის მომზადება შესთავაზა. ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ორიენტირებული არიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიტიკური დოკუმენტის შექმნაზე.
"ოპოზიციური ჯგუფები დოკუმენტს ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოამზადებენ, სადაც აქამდე განხორცილებული რეფორმების შეფასება და ანალიზი ობიექტურ ინდიკატორებზე დაყრდნობით გაკეთდება. ამ დოკუმენტების შედგენის შემდგომ გვექნება დისკუსია, შესაბამის ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრები და კონსულტაციები. ეს პერიოდი დამატებით ერთ თვეს გასტანს და იმის მიხედვით თუ რაზე შევთანხმდებით, რა საკითხების იდენტიფიცირებაც მოხდება, დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებები ისე, რომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დასრულდეს. ეს არის ჯანსაღი, ცოცხალი პროცესი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის შენარჩუნებასა და გაგრძელებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.