გიორგი კაპანაძე - საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურია - მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა

ის განცხადებები, რაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით გააკეთა, სამწუხაროდ, პოპულისტური რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიკას და არ არის ორიენტირებული საკითხის რეალურად გადაჭრაზე, - ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ ალეკო ელისაშვილის მიერ „ღამის კურიერისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილი არ არის გამოსული წინასაარჩევნო თავბრუსხვევიდან და საპენსიო სესხების თაობაზე პოპულისტური შეძახილებით გამოსვლას აგრძელებს. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ როგორც „მოქალაქეების“ ლიდერის, ისე მთელი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან ისევ არ არის გააზრებული საკითხის შინაარსობრივი ასპექტები და საზოგადოებისთვის მისი სამართლიანად მიწოდების აუცილებლობა.

„როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილი ისევ დარჩენილია წინასაარჩევნო თავბრუსხვევაში, როცა მისი რიტორიკა საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, პოპულისტურ შეძახილებს არ სცდებოდა. სამწუხაროა, რომ ბატონი ალეკო ახლაც იგივეს აგრძელებს. მის ბოლო სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული. ბატონი ელისაშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ პროცენტმა უნდა დაიწიოს. თუმცა, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს, მას ეს არასდროს განუმარტავს. სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან არასდროს მოგვისმენია კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. როდესაც კონკრეტიკის დრო დგება, ის ყოველთვის კითხვებს გაურბის და მისთვის კომფორტულ პოპულიზმს განაგრძობს. სწორედ ამიტომ, საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურ ხასიათს ატარებს. მისი მხრიდან მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა. ვფიქრობ, ეს უნდა დასრულდეს და ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს.

არის თუ არა არსებული საპროცენტო განაკვეთი საბაზრო? რა ანალიზზე და რა კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ადგილი აქვს „ძარცვას“? რომელი მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს ამა თუ იმ პროცენტს სამართლიან პროცენტად და რატომ? როგორ ითვლის ამ ყველაფერს - ამ საკითხებზე მას კონკრეტული კომენტარი არასოდეს გაუკეთებია, სამწუხაროდ არც ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა