რუსეთის გაღიზიანების მომხრე არავინაა, მაგრამ სირაქლემას პოზიციაში დგომა ძვირად დაუჯდება საქართველოს - სიმხდალის ფასი მონობაა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც რუსეთის აგრესორად მოიხსენია, ადეკვატური იყო, ხოლო „ქართული ოცნება“ ერიდება რეგიონში შექმნილ ვითარებას თვალი გაუსწოროს.
„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა, იციან რომ დასავლეთის, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გამო შეიძლება გაღიზიანდეს პუტინი და რუსეთის გავლენები გამოიყენოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკით ცდილობს.
რაც შეეხება სააკაშვილს და მის განცხადებას, ის პატიმრობაშია და როგორც ჩანს, არ აქვს ბევრი ინფორმაცია - პრეზიდენტის როლზე საუბრობდა და ვიცით, რომ დღევანდელი კონსტიტუციით პრეზიდენტს ისეთი ფუნქციები არ გააჩნია, რომ პრემიერი ვინმეს მხარდასაჭერად სადმე გაუშვას. ზოგადად ის პოზიცია, რომ ქვეყანას ჰქონდეს თავის საგარეო პოლიტიკა და არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე, ჩემთვის პრობლემა არ არის. რუსეთის გაღიზიანების მომხრე არავინ არის, მაგრამ სირაქლემას პოზიციაში დგომა ძვირად დაუჯდება საქართველოს, რადგან სიმხდალის ფასი მონობაა, ამიტომ ამ გზით არ უნდა წავიდეთ,“ - განაცხადა მაჯგალაძემ.