საია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ, საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება.

2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან.

ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის 1 მარტს. ამ მომენტისათვის არჩეული იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. ამის გამო, მოვუწოდებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი და მასში არსებული შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1 მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს არ შეუწყდება უფლებამოსილება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ლონდა თოლორაიას უფლებების აღდგენა შეუძლებელი არ გახდეს, საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღნიშნულ სარჩელს და 2022 წლის 1 მარტამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ნორმის შეჩერების შესახებ“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა