დავით უსუფაშვილი - „ოცნების“ შიგნით ბევრმა, ვინც რეზოლუციის მხარდაჭერას თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო - „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს

„ოცნების“ შიგნით ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თემა საარჩევნო ტაქტიკად და პიარად „გადაახურდავა“.

„საზოგადოებამ არ დაუჯეროს გვარებს და სახელებს, საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს არგუმენტებს. თუ ვინმე მართლა და სერიოზულად ფიქრობს, რომ ტექსტში, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებს და ყველა იმ შესაძლო განზრახვას, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შეილახოს, აი, ამ ყველაფერს დაწერს პარლამენტი და იქვე რუსეთის ფედერაციას თუ არ ჩაწერს, ამით თავს დაიცავს რაღაცისგან, მაშინ 8 მილიარდი ადამიანიდან ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვინმე სხვა სახელმწიფოც ემუქრება.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანების გადაწყვეტილება, ვინც ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის, უბრალოდ თვლის, რომ ახლა ასეა საჭირო, „ოცნების“ შიგნით. ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. თვლიან, რომ ეს კია ცუდი, მაგრამ არა იმაზე ცუდი, ვიდრე შიდა განხეთქილება და ა.შ. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს.

დღეს „ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა ბოლო-ბოლო ამოღერღეს, ჩვენ არ გვინდოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რამეზე ხელი აგვეწიაო. ორპოლუსიანობის უბედურებამ აქამდე მიგვიყვანა. ეს არ არის მხოლოდ „ოცნების“ მახასიათებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ ლიდერსაც სჭირს ხოლმე. თუ ერთად რამეზე ორივემ თქვა რომ ეს კარგია, ორივე მერე სირცხვილით იწვება და მე მგონი, იმ ღამეს ვერ იძინებს და ჰგონია, რომ უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა და ქუჩაში აღარ უნდა მიესალმონ მათი მხარდამჭერები. ასეთ პრიმიტიულ დონემდე დაჰყავთ საკუთარი აზროვნება და სურთ, რომ მათმა ამომრჩევლებმაც ასე პრიმიტიულად იფიქრონ. ეს არის ზომბირების მცდელობა. ამ რეზოლუციის ტექსტთანაც ასე იყო.

მეორე მიზეზი არის ყალბად გაგებული ე.წ. სახელმწიფო ინტერესი, რომ არ ვიყოთ ამ ვითარებაში სადღაც ძალიან წინ რუსეთთან პოლემიკაში.

ხელისუფლებამ ეს თემაც გადაახურდავა საარჩევნო ტაქტიკად, პიარად. ერთი მხრივ - „ოპოზიციასთან მე საქმეს არ დავიჭერ, ეგენი ხომ ცუდები არიან“. მეორე, „ვაი და დამჭირდეს და მერე მოსკოვს ვუთხრა, რომ აი, ხედავ, ისინი არიან რადიკალები, მოგვეხმარეთ, აქ თქვენზე ორიენტირებული თუა ვინმე ამომრჩეველი. მე ვარ ის, ვინც თქვენ ასე ლოიალურად გეპყრობით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა