საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს ესტუმრნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს სომხეთის პოლიციის ჯარები, სამხედრო ნაწილების შეიარაღება, სპეციალური საშუალებები, ჯავშანტექნიკა და საპოლიციო მანქანები.
სომეხმა სამართალდამცველებმა ქართველი სტუმრებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სიმულაციური ვარჯიში გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა წარმოადგინეს საბრძოლო ტაქტიკის პრაქტიკული ელემენტები და განახორციელეს ტერორისტული ჯგუფის განეიტრალების ოპერაციის იმიტაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ასევე იმყოფებოდა კომპლექს „წიწერნაკაბერდში", სადაც 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან - ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსთან - ვაჰე ღაზარიანთან.