საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუდკოვი რუსეთის იმ დუმის წევრი იყო, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
“როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ყველას მოვუწოდებდი, თავდაპირველად საქართველოს ინტერესები გაითვალისწინონ და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ჩავიხედოთ წარსულში, თავის დროზე საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე ვის რა აქვს ნათქვამი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დეპუტატმა აქვე განმარტა, რომ ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხზე გადაწვეტილებას შესაბამისი სტრუქტურები იღებენ - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო სპეციფიურ შემთხვევებში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.