ის, რომ ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა, პროცესის თავიდანვე არასწორად დაწყების ბრალია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
სამხარაძემ დღეს აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარი ამოცანა და სულისკვეთება უკრაინის მხარდაჭერა იყო და “რუსეთის ფედერაცია რომ აგრესორი და ოკუპანტია, ამას ბევრი გამეორება და მტკიცება არ სჭირდება“.
“უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებული პროცესი თავიდანვე არასწორად დაიწყო. ყველაფერი იმის ბრალია, როცა რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირება და ინიცირება წინასწარი კონსულტაციების გარეშე მოხდა. დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ასეთი რამ არ მოხდება და ვიდრე რეზოლუციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახელით დავარეგისტრირებთ, მანამდე ერთმანეთთან კონსულტაციებს გავივლით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, მივიღებთ რეზოლუციას, განცხადებას თუ სხვა სახის დოკუმენტს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტის ოფიციალურად ინიცირებამდე კონსულტაციები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაიმართა. მოლაპარაკებებში, რომელიც მხარეთა შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, მმართველი გუნდიდან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ.