სვენ მიქსერთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ თუ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზურპირებულია და გვყავს პოლიტიკური ტყვეები, პირველ რიგში ვგულისხმობ პრეზიდენტს სააკაშვილს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიქსერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სვენ მიქსერს დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
„საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი თვლის, რომ რეზოლუცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო ერთპარტიულად, იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ პარლამენტს ამ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც ესაუბრა ერთი ხმით, რადგან არის საკითხები, რომელიც ზეპარტიულია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობაც ხელიდან გაუშვა "ქართულმა ოცნებამ". ეს ესმით დასავლელ პარტნიორებს. ასევე სვენ მიქსერს ვესაუბრეთ იმ დემოკრატიულ გამოწვევებთან დაკავშირებით, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მუდმივი თავდასხმა ომბუდსმენის ინსტიტუტზე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.