ვფიქრობ, რომ ზედმეტი ისტერიკა რეზოლუციის ირგვლივ იყო ძალიან დამაზიანებელი მთლიანად პროცესისთვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ასეთ რეზოლუციაზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება შინაარსიდან გამომდინარე იქნას მიღებული.
„მესმის, რომ მედიაში, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში ჩამოაყალიბეს ნარატივი, რომ მხარდაჭერა იქნებოდა კაპიტულანტური მოქმედება ან „ქართული ოცნებასთან“ მარცხი და, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტია ამის გავლენის ქვეშ მოექცა. სიმართლე გითხრათ, მეც არ მომწონს ეს ტექსტი, მაგრამ ის თუ მხარს უჭერს უკრაინას, ხაზს უსვამს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა არის აუცილებელი, საბოლოო ჯამში ეს არის მხარდამჭერი ტექსტი და ამისთვის მხარდაჭერა იყო სწორი გადაწყვეტილება. ნამდვილად არასდროს მექნება სასირცხვილო, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დავუჭირე მხარი.
მე, ალეკო [ელისაშვილი] და ბევრი სხვა ოპოზიციონერი ვცდილობდით, რომ ტექსტში გაჩენილიყო ჩანაწერი რუსეთის შესახებ. ამისთვის არ დავიშურეთ ძალები. ამის შესახებ გამოსვლები გვქონდა პარლამენტში და ვთხოვდით, რომ განხილვები გადაედოთ და გაგვეგრძელებინა კონსულტაციები, მაგრამ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი და „ქართულმა ოცნებამ“ ჯიუტად დაიკავა არასწორი პოზიცია. „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე გაჯიუტდა. მგონია, ეს რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაუთავებელი ქიშპობის პოლიტიკის ნაწილია და შიდა პოლიტიკამ გადაფარა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ჩანაწერი რომ გაჩენილიყო ტექსტში, ყველა ვთანხმდებით, რომ ტექსტის დანარჩენ ნაწილზე არავის ჰქონდა პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა სიჯიუტე, აბსოლუტურად არასწორად მოიქცა, რომ რუსეთის ფედერაცია არ ახსენა ამ ტექსტში და წარმოადგინა იმ ფორმით, რაც ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, ტექსტის შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კინკლაობა“, - განაცხადა იოსელიანმა.