ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის“ მედიასაშუალებების მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.
პარლამენტის წევრებმა ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა, დავით უსუფაშვილმა, შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები წარადგინეს, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული მაუწყებლები - 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-სგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, ეს ყოველივე მედიის საშუალებებს და იქ დასაქმებულ პირებს ამოსუნთქვის და განვითარების საშუალებას მისცემს. საბოლოო ჯამში კი, ამით მომხმარებელი - საქართველოს მოსახლეობა ისარგებლებს.
“საერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბუნებრივია, არასახარბიელოდ გამოიყურება ქართული მედიის ფინანსური მდგომარეობაც. ჟურნალ-გაზეთებს და რადიომაუწყებლობას რომ თავი დავანებოთ, რომელთა შემოსავლები ყოველთვის მოკრძალებული იყო, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ტელევიზიებიც კი, რომელთა შემოსავლები, სხვა სახის მედიასთან შედარებით, ბევრად დიდია ხოლმე.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუ 2014 წელს საქართველოში მოქმედი სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი მაუწყებლობიდან 94.6 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 108.6 მილიონ ლარამდე ანუ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 14 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა, ეს მცირე ზრდაც კი მოჩვენებითია. სინამდვილეში სახეზეა შემოსავლების მკვეთრი შემცირება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, სხვა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ვალუტის კურსის მკვეთრი გაუარესებაა. თუ 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში, სანამ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დაიწყებოდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო, 2020 წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.1097 ლარი გახდა.
გამოდის, რომ თუ 2014 წელს სატელევიზიო მაუწყებლების საერთო შემოსავალი დაახლოებით 54 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35 მილიონ აშშ დოლარამდე, ანუ 1/3-ით შემცირებულა.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ყოველწლიურად მზარდი ინფლაციის მაჩვენებელიც. კიდევ უფრო სავალალოდ გამოიყურება ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი. 2014 წელთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 84.7 მილიონი ლარი იყო, 2020 წელს იგი 75.2 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც აშშ დოლარებში გადაანგარიშებით დაახლოებით 48.2 მილიონიდან დაახლოებით 24.2 მილიონამდე ანუ თითქმის 50%-ით შემცირებას ნიშნავს.
ასეთი ტენდენციები თუ გაგრძელდა, საქართველოში არცთუ შორეულ მომავალში დამოუკიდებელი მედია, მათ შორის, სატელევიზიო მაუწყებლობა აღარ გვექნება“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.