საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატების განცხადებები დიპლომატიური მადლობის მოხდა იყო - მარტივი დიპლომატიაა, როცა შენს ქვეყანას რაიმე ფორმით მხარს უჭერენ, ნაჩუქარ ცხენს კბილები არ გაუსინჯო, - ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან აქვე აღნიშნა, რომ რეზოლუცია მაინც წინ დადგმული ნაბიჯია და “არაფერსა და მეგობრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიტოვებას ჯობია“.
“დარწმუნებული ვარ, უკრაინელ დეპუტატებს ბევრად უფრო ესიამოვნებოდათ და ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რომ რეზოლუციაში რუსეთი მოხსენიებული ყოფილიყო, რადგან ამ კონფლიქტში აგრესორი სწორედ რუსეთია. რეზოლუციის ტექსტი ისეთი არ არის, რომელზეც ხელი უნდა ჩაიქნიო, მასში უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად ჩანს, მაგრამ რაღაც ცალყბად გაღიმებასავით არის და არაბოლომდე მყარად მორალური ტექსტია“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე 74 ხმით უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
“უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი.
რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არცერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.