სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, სხვა კომისიებზეც თუ ვნახავ, რომ შიდა მოხმარებისთვის უნდათ შექმნა და პოლიტიკურად სჭირდებათ, თავს შევიკავებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფასადურ კომისიებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი არის ადგილი, სადაც ერთ პოლიტიკურ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე უნდა იყოს საუბარი და პარლამენტში ამით გადაუფაროს მთავარი პრობლემები, რაც მოქალაქეებს რეალურად აწუხებთ. ამიტომ არ ვუჭერ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას. აბსოლუტურად მივიწყებულია მთავარი სოციალური თემები, რაც ხალხს ადარდებს. სხვა საგამოძიებო კომისიებს რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც ვნახავ ინიციატორები ვინ არიან, განმარტებით ბარათს გავეცნობი და დასაბუთებას ვნახავ, აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას. თუ დავინახავ, რომ ეს პოლიტიკურად სჭირდება ვიღაცას, რომ შიდა მოხმარებისთვის გაყიდოს და ეთერებში სალაპარაკოდ უნდა, ამაზეც შევიკავებ თავს. 5-6 ივლისის საგამოძიებო კომისიაზე, ინიციატორებთან ერთად, ჩემი ხელმოწერაც იყო, თუ ის პარტია გააგრძელებს ამას, დავუჭერ მხარს, თუ ეს სისტემურად შეცვლის რაღაცას, ჩავერთვები კი არა, აქტიური წევრი ვიქნები, მაგრამ ფასადური კომისიების მონაწილე არ ვიქნები,“ - განაცხადა იოსელიანმა.