რომან გოცირიძე - რომ იკითხონ, ტოლსტოის ცნობილი რომანის სათაური რა არის, „ქართული ოცნება“ უპასუხებს: „მშვიდობა“

რომ გკითხონ, ტოლსტოის ცნობილი რომანის სათაური რა არის, „ქართული ოცნება“ უპასუხებს: „მშვიდობა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ენა, რომლითაც რეზოლუციის ტექსტია დაწერილი, უღირსობის და კაპიტულაციის ენაა.

„რას ეხება რეზოლუციები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს მთავრობები იღებენ უკრაინის მხარდასაჭერად - ეხება ომსა და მშვიდობას. გაგახსენდათ არა, ტოლსტოის რომანი? ახლა რომ გკითხონ, ტოლსტოის ცნობილი რომანის სათაური რა არის, „ქართული ოცნება“ უპასუხებს - მშვიდობა. რუსეთის მიერ პოტენციურად გასაჩაღებელი ომი და რუსეთი როგორც აგრესორი რომ ჩამოაცილო, დაახლოებით ასეთი სურათია, რომ ტოლსტოის დაუმახინჯო მთელი ცხოვრების ნაშრომი. რა ეზოპეს ენით საუბრობთ? რა დაშიფრული კოდებით საუბრობთ. აქ მთელი დღე ენაზე იყო საუბარი. თქვენ ენა არ გესმით საერთაშორისო სამართლისო, დიპლომატიური ენა არ გესმითო; ძალიან მაგარი ენითაა დაწერილი ჩვენი ტექსტიო. კი, მაგრამ რატომ არის სხვა ენით დაწერილი ყველა ტექსტი, რომელიც დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნდება? გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტექსტი კოლექტიურია და ცალკეული მთავრობების მიერ ეროვნული ინტერესები არ არის გამოხატულიო. სახელმწიფოების განცხადებები ვისი ინტერესებია? თქვენს ენას იმას ვუწუნებთ, რომ თქვენი ენა არის უღირსობის ენა, თქვენი ენა არის კაპიტულაციის ენა, რუსეთისადმი სიგნალის გაგზავნა, რომ მათ ორბიტაზე ხართ და რომ არაფერს გააკეთებთ იმის საწინააღმდეგოდ, რაც რუსეთს არ მოესურვება. ეს მესიჯი, რაც დოკუმენტში იქნება ჩადებული, მთელ მსოფლიოში წავა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, დაშიფრული ენით საუბარი ღია სიგნალია რუსეთისთვის, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არაფრის მაქნისები არ არიან“.

„თქვენ არ ხართ უჭკუო ხალხი, ზოგს კარგი განათლებაც გაქვთ, მითუმეტეს ტრიბუნაზე მდგომ ადამიანებს, სპიკერებსაც უცხოური განათლება აქვთ. ხომ კარგად იცით, რომ აბსოლუტური სისულელეა იმის გამართლება, რასაც ახლა აკეთებთ? გაუმართლებელს ვერ გაამართლებთ, ეს უნდა ივანიშვილს - დაიწერა ტექსტი, აჩვენეთ, გითხრათ - არ გავაღიზიანოთ, რუსეთი მოაცილეთო. ვერავინ ბედავს, რომ გააღვიძოს, დაურეკეთ, რა და უთხარით, რომ იგივეა შინაარსობრივად, მაგრამ როდესაც ხმამაღლა თქმას ვერ ბედავ, ამით აგულიანებ რუსეთს.

დაშიფრული ენით საუბარი ღია სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არაფრის მაქნისები არ არიან. ეს არის რეზოლუცია, რომელიც შეიძლება ვითომ თქვენს პარტიას გამოადგეს, ეს არის ყვარყვარეობა. ხომ ვიცით, ვინ იყო ყვარყვარე - ყველა პარტიის დროშები ჰქონდა სახლში დამალული. რომელი ხელისუფლებაც მოვიდოდა, იმ დროშას გამოიღებდა ხოლმე. ფილმი როგორ დასრულდა - ყვარყვარესთან შედის მისი შიკრიკი და დამარცხებულს აჩვენებს დროშას - რა ვუყოთ ამ დროშას, დავწვათო ის პასუხობს, რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, შეინახე ეს დროშა, იქნებ გამოგვადგესო. ეს ხართ თქვენ, ამ თქვენი რეზოლუციით, შევინახოთ ეს რეზოლუცია - იქნება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გამოადგეს. არ გამოგადგებათ. აცდენილი ხართ საერთო ტენდენციას. დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გაბედულად ვაჟკაცურად, გამართული დიპლომატიური ენით საერთაშორისო სამართლით აღიარებული წესებით მხარს არ უჭერს უკრაინას და პირიქით - ეს რეზოლუცია არის რუსეთის მხარდამჭერი რეზოლუცია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების გამომხატველი დოკუმენტი, ეს რეზოლუცია მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ და ამას გაგიხსენებთ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა