თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, რეზოლუციის ტექსტში უხსენებელი გახდა რუსეთის ფედერაცია - ვფიქრობ, დღეს დაბეჩავებულები ვართ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ მთლიანად ქვეყანა, - ასე მიმართა "რეფორმების ჯგუფის" დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში უმრავლესობის წევრებს უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუციის განხილვისას.
როგორც თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რეზოლუციაში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ჩანაწერი, რომ რუსეთის ფედერაციისგან უკრაინას ხელახალი აგრესიის საფრთხე ემუქრება.
„რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება რა იყო? - რეზოლუციის სულისკვეთება იყო ის, რომ მხარდაჭერაში ერთობა გვქონოდა. მეორე, მკაფიოდ ყოფილიყო ჩამოყალიბებული, ვისგან ემუქრება უკრაინას საფრთხე. ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს, შეერთებული შტატები ახდენს უკრაინაში ესკალაციას და არა რუსეთი. ვფიქრობ, ამ ვითარებაში მკაფიოდ უნდა ყოფილიყო საქართველოს მხრიდან ჩანაწერი, რომ რუსეთის ფედერაციიდან ემუქრება უკრაინას ხელახალი აგრესიის საფრთხე და არ ყოფილიყო დატოვებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობები.
როდესაც ამ დისკუსიებს ვაკვირდებოდი, ორი სიტყვა გამახსენდა, ორივე ქართულია - „ბეჩავი“ და „ვაშინელს“. „ვაშინელს“ მეგრული სიტყვაა, რაც ტაბუდადებულის, აკრძალვის მანიშნებელია. რატომღაც ისე გამოვიდა, რომ რუსეთის ხსენება რეზოლუციაში ტაბუდადებულია. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ რუსეთის ფედერაცია რეზოლუციის ტექსტში არ ყოფილიყო. ვფიქრობ, დღეს დაბეჩავებულები ვართ არა მხოლოდ პარლამენტში მსხდომი დეპუტატები, არამედ მთლიანად ქვეყანა. თქვენ არჩიეთ შიშების, ვარაუდების სანაცვლოდ, ისევე როგორც პოლიტიკური ქულების დაწერის სანაცვლოდ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასულიყავით, კიდევ ერთხელ წარმოგეჩინათ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერაზე, საპარლამენტო უმრავლესობას ეშინია რუსეთის ფედერაციის ჩაწერა, იმიტომ რომ გარკვეული ვარაუდები ამასთან მიმართებაში არსებობს“,- აღნიშნავს აქუბარდია.
მისივე თქმით, ისინი მხარს არ დაუჭერენ უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რადგან „შინაარსისგან არის დაცლილი“.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც შინაარსისგან არის დაცლილი. რაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ეს რეზოლუცია გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, რეზოლუციის ტექსტში უხსენებელი გახდა რუსეთის ფედერაცია. თქვენ პარლამენტში ერთიანობას ანაცვალეთ თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ყველას აჩვენეთ, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება შეუძლებელია“,- აღნიშნავს თეონა აქუბარდია.