რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტში არ არის მოხსენიებული?, - ამ კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვის მიმდინარეობისას “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობას მიმართა.
აქუბარდიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს მიმართა და მმართველი პარტიის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მისი ქმედებით არა მხოლოდ მისამართი ეშლება, არამედ მცდარ პოზიციებს და შეხედულებებს უზიარებს სხდომის მაყურებლებს.
“ბატონო გიორგი, თქვენ დაიწყეთ გამოსვლა ძველი რეზოლუციებით, ასევე ისტორიით, რომელიც მე შეგახსენეთ და გთხოვეთ, რომ არ განმეორებულიყო პარლამენტში, რადგან ეს არ იყო ქვეყნის ინტერესი. ისტორია არის ის რეზოლუცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიცირებით იყო პარლამენტში მიღებული და “ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰქონდა მასზე ხმა მიცემული. ჩემთვის გაუგებარია, თქვენ რატომ გვესაუბრებით კოლექტიური სახელით ოპოზიციას იმიტომ, რომ ამ პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტიაა და არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. გთხოვთ, იქნებ დაიმახსოვროთ, რომ ჩვენ აქ ვართ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და გვაქვს მრავალი განსხვავებული პოზიცია.
როდესაც მე მეუბნებით, რომ “ნაციონალური მოძრაობამ” ხმა არ მისცა ამ რეზოლუციას და ჩემი მომართვა იყო ამ კონკრეტულზე, ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მისამართი გეშლებათ, არამედ მცდარ პოზიციებს და შეხედულებებს უზიარებთ ჩვენს მაყურებელს, რომელსაც თქვენ ატყუებთ და ამბობთ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე იმყოფება. რადგან ქვეყანას რუსეთიდან ემუქრება განმეორებითი აგრესიის საფრთხე, უნდა შევძლოთ ერთობა ზეპარტიულ საკითხებზე, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებებზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ისევ ცდილობთ პარტიულ რიტორიკაში გადაიტანოთ ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ, რომ მე ამას არ მივიღებ, რადგან მე არ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, არასოდეს არ ვყოფილვარ, არც მომავალში ვაპირებ და თქვენგან ამ შენიშვნას მე პირადად არ მივიღებ.
რაც შეეხება მიზეზს და არა საბაბს, რის გამოც ამ რეზოლუციაში ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ - არამხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისგან”. როდესაც საუბრობთ მიზეზზე და არა საბაბზე, დიახ, საბაბია, როდესაც რუსეთის ფედერაციას არ წერთ, რადგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” თქვა ასე და ამ შემთხვევაში დეოკუპაციის რეზოლუციას, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მხარდაჭერა აქვს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ისევე, როგორც “ლელოს” პოლიტიკური ფრაქციის. მითხარით რა არის რეალური საბაბი იმის, რომ რუსეთის ფედერაცია ტექსტში არ არის მოხსენიებული?”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.