თითქოს რუსეთის ჩაწერა რაღაცას გამოიწვევდეს და ასე ვთქვათ, ჩაიღიმებენ ხოლმე თავიანთი არგუმენტების გასამტკიცებლად. პირდაპირ გეკითხებით: ეს რეზოლუცია შეთანხმებული არის რუსეთთან? - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
როგორც გოცირიძე განმარტავს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია „არის რუსეთის მხარდამჭერი ტექსტი“ და ეს ტექსტი არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესს. გოცირიძის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც „უკრაინის მხარდამჭერი ტექსტი განსაცდელის წინ“.
„როდესაც ამ რეზოლუციის შესახებ საუბრობს ხელისუფლება, გვესაუბრება რაღაც რებუსებით, რაღაცას უნდა მივხვდეთ, თითქოს რაღაც უნდა ამოვხსნათ, თითქოს რუსეთის ჩაწერა რაღაცას გამოიწვევდეს და ასე ვთქვათ, ჩაიღიმებენ ხოლმე თავიანთი არგუმენტების გასამტკიცებლად. პირდაპირ გეკითხებით: ეს რეზოლუცია შეთანხმებული არის რუსეთთან? არის ვინმე დღეს ივანიშვილის გარდა ამ ხელისუფლებაში, ვისაც შეუძლია, ეს ერთადერთი სიტყვა ჩაწეროს ამ ტექსტში და რა იმალება ამ ჯიუტ მცდელობაში, რომ რუსეთი არ ვახსენოთ. რაზე შეთანხმდნენ, ივანიშვილის აქტივებს რომ ხელი არ ახლონ რუსეთში? ან რა არის იმ შიშის საფუძველი, მართლა ეროვნული ინტერესების დაცვა? ეს რეზოლუცია არის კაპიტულანტური დოკუმენტი, ეს არის რუსეთის მხარდასაჭერი დოკუმენტი, ეს რეზოლუცია არ იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს რეზოლუცია არ უჭერს მხარს უკრაინას, უმძიმესი განსაცდელის წინ. ეს არის უსუსურობის დემონსტრირება, რომელიც აძლევს სიგნალს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო ექცევა რუსეთის გავლენის ორბიტაზე, ვინაიდან, ტექსტს ყოველთვის აქვს ქვეტექსტები, ქვეტექსტით რუსეთს ვეუბნებით, რომ ვართ თქვენი მონა-მორჩილი და ვერასდროს გაგიბედავთ ვერაფერს, თუნდაც საოკუპაციო ხაზი გადმოწიეთ. სამარცხვინო დოკუმენტია და იქნებ დაფიქრდეთ, არის ჯერ კიდევ დრო და მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია, რომელსაც ჩვენც დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა გოცირიძემ.