მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - თუ 2014 წლის რეზოლუციებში რუსეთი ნახსენებია, როგორც ოკუპანტი, რა შეიცვალა მას მერე რუსეთთან დამოკიდებულებაში? რუსეთი შეიცვალა, მიდგომა შეცვალა რუსეთმა, თუ ოკუპანტი აღარაა?! მოსახლეობას სჭირდება პასუხები, რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ და რატომ აღარ ახსენებთ რუსეთს რეზოლუციაში, - ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებს.
პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მმართველი გუნდი არა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, არამედ "კუდის ქიცინის პოლიტიკას მიმართავს" და მათი მთავარი ამოცანა ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შექმნაა.
"არავინ მოგიწოდებთ რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე გაჭრისკენ, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები, თქვენი პოლიტიკა არის არა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, არამედ კუდის ქიცინის პოლიტიკა. ნახევრად კუდის ქიცინი არ გამოვა, თუ იზიარებთ ამ პოზიციას და არგაღიზიანება გინდათ, საერთოდ არ მიიღოთ მაშინ რეზოლუცია, უფრო შორსაც წადით, ნატოზე ღიზიანდება რუსეთი და ნატოც ამოიღეთ რეზოლუციიდან და გვეცოდინება თქვენი რეალური სახე. ხალხს უთხარით სიმართლე, რომ თქვენი მთავარი ამოცანა ის კი არაა მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ, არამედ თქვენი მთავარი ამოცანაა შექმნათ მუდმივი დაძაბულობა, ილაპარაკოთ სისხლიან ცხრა წელზე. დათესოთ სიძულვილი და განიმტკიცოთ ამით თქვენი ძალაუფლება. არ შეიძლება 9 წლის მანძილზე თქვენს უმსგავსობას ამართლებდეთ წლების წინ ვიღაცის მიერ ჩადენილი დანაშაულებით. თითქოს, ჩვენი ამოცანა ხალხის პრობლემების მოგვარება კი არ არის, არამედ, სიძულვილის სახელმწიფოს აშენება, რომ ვერავინ ვერავისთან ნახოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის საერთო ენა. დავუშვათ, წინა ხელისუფლება ცუდია, ოპოზიცია არ ვარგა, მაგრამ ხალხმა რა დააშავა, რომ 9 წლის განმავლობაში მათი პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად ამ სიძულვილის რიტორიკას ისმენს“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.