ყველაფერზე რომც შევთანხმებულიყავით, მაინც შეძლებდით და გამონახავდით საბაბს იმისთვის, რომ რეზოლუციისათვის მხარი არ დაგეჭირათ. თქვენ არ ხართ დაინტერესებული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით, თქვენ ხართ დაინტერესებული ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის და მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია რეზოლუციის ტექსტზე სასაუბროდ დალაგებული მესიჯბოქსით შევიდა და დაიწყო ქილიკი თითქოს ვიღაცას ეშინია ან მოღალატეობრივ პოზიციას ანვითარებს.
„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სამუშაოდ შემოდის პარლამენტში შემოაქვს ბელადის ფოტო, თუ სხვა გამოსახულებები, საუბრობენ არა საქმეზე და შინაარსზე, არამედ ბოლშევიკური მეთოდით როგორ ემსახურონ მიშას, მათ ბელადს, რაც არის ძალიან სამწუხარო.
თქვენ რეზოლუციის ტექსტზე სასაუბროდ შეხვედით დალაგებული მესიჯბოქსით, დაიწყეთ ქილიკი თითქოს ვიღაცას რაღაცის ეშინია, მოღალატეობრივ პოზიციას ვანვითარებთ და ა.შ., ამიტომ თქვენ არ მოსულხართ რეზოლუციის ტექსტის შინაარსობრივად განსახილველად, წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯით მოხვედით და ყველაფერზე რომც შევთანხმებულიყავით მაინც შეძლებდით და გამონახავდით საბაბს იმისთვის, რომ რეზოლუციისათვის მხარი არ დაგეჭირათ, თქვენ არ ხართ დაინტერესებული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით, თქვენ ხართ დაინტერესებული ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის და მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერების განცხადებებს „ქართული ოცნების“ პრორუსულობასთან დაკავშირებით, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მმართველმა პარტიამ 2021 წლის 21 იანვარს რუსეთს საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოუგო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ამასთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე მტკიცებულება შეგროვდა.
,,მოგიწოდებთ, საერთაშორისო ასპარეზზე ხშირად გამოიყენოთ ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა სტრასბურგში, როდესაც რუსეთის ფედერაციას, ოკუპანტ ქვეყანას 2021 წლის 21 იანვარს საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოუგო და მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება. ამას „ქართული ოცნების“ პირობებში აკეთებს თითოეული უწყება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე, სწორედ ამ სამართლებრივ დოკუმენტში არის ჩაწერილი 95-ჯერ სიტყვა ოკუპაცია, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეგროვდა 700-მდე მტკიცებულება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე არა თუ შეგროვებული, არამედ დამაგრებული არ ჰქონდა საქმეზე მტკიცებულებებად“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.