სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის ნეგატიური შედეგები დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს - შესაძლოა, 2021 წელს ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდეს ბოლო 60 წლის მანძილზე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ხუნდაძის შეფასებით, ამას ხელს უწყობს უკანასკნელი 30 წლიანი მძიმე დემოგრაფიული წარსული და პანდემიური აწყმო. მისივე თქმით, აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში დაბალია და შესაბამისად სიკვდილიანობა - მაღალი.
„აქედან გამომდინარე, კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კოვიდპანდემიის გამოწვევებზე საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დღეს-დღეობით ყველაზე ცუდად ვაქცინირებული პოპულაცია ვართ, რაც ძალიან სახიფათოა“.
„პანდემიის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით კომიტეტი უახლოეს დღეებში გასცემს რეკომენდაციებს, რისთვისაც ინტენსიურ შეხვედრებს მართავს კოვიდკლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, ექიმ-რეანიმატოლოგებთან, პირველად ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან, თუმცა მოქალაქეების პასუხისმგებლობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება - ავადობას გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება არ უყვარს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.