“მოქალაქეები“ უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერენ.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
ლევან იოსელიანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, როგორც ყველა წინამორბედ რეზოლუციაში, სადაც რუსეთის ფედერაცია ნახსენებია, აღნიშნულ რეზოლუციაშიც რუსეთის ფედერაცია ნახსენები უნდა იყოს.
“რეზოლუციის შინაარსი ეხება რუსეთს და არ ეხება სხვა ქვეყანას. მართლა არ მესმის “ქართული ოცნების“ ლოგიკა და გაჯიუტება. ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ვმონაწილეობდით, სადაც ბევრად უფრო რთულ საკითხებს - მაგალითად, რეზოლუციას ალექსანდრე ნავალნის მოწამლვის შესახებ, მხარი ყველამ ერთხმად დავუჭირეთ. ერთხმად წავედით წინააღმდეგი, როდესაც რუსეთის ევროსაბჭოში დაბრუნების საკითხი დაისვა. მაინტერესებს, საკითხი შეუთანხმებელი რატომ გახდა საქართველოში?!
ყველა ხომ ვთანხმდებით, დოკუმენტში რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ყველაფერი მოგვარებულია. მეორე მხრივ, დოკუმენტის შინაარსი ბევრად მეტია, ვიდრე ტერმინთან დაკავშირებით გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.