სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან, ამასთანავე, მოუწოდა პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი ორი სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ნამდვილად გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანების შესარჩევად, რომლებიც შეძლებენ ბალანსის უზრუნველყოფას და ზედამხედველობის ფუნქციის შეთავსებას, რაც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ლონდა თოლორაიას, მის მოადგილეებსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მთელს გუნდს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც ეწევით და გასწიეთ აქამდე და ასევე, პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც იჩენდით თქვენი მოვალეობის შესრულებისას, რომ დაგეცვათ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოფისის მიერ გაწეული სამუშაო მათი ყოველდღიური ცხოვრების დასაცავად. პირადი მონაცემების დაცვა არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მზარდად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ცხოვრებაზე, თუმცა არის სხვა მნიშვნელოვანი სერვისები და პასუხისმგებლობები, რასაც ეს სამსახური მოიცავს. ის მნიშვნელოვანია მათ შორის იმ პროფესიონალებისთვის ხელისუფლებაში და სამართალდამცავ უწყებაში, ვისაც სურთ თავისი საქმის კეთება ძალიან მაღალ დონეზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ ადამიანებსაც იცავს იმით, რომ იძიებს და პასუხისგებაში აძლევს იმ პირებს, ვინც არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს. კარგად ფუნქციონირებადმა დემოკრატიამ უნდა იმუშაოს იმგვარად, რომ დაიცვას მოქალაქეების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მისი გუნდის მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს მისი თანამშრომლობით ინსპექტორის სამსახურთან და იმ მხარდაჭერით, რომელსაც ამ სამსახურს ვუცხადებდით. დემოკრატია დამოკიდებულია მსგავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამსახურებზე, როგორიც არის ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის ოფისი, პროფესიონალი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ მათ მოვალეობას იმგვარად, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და დაკმაყოფილებული იყოს მათი საჭიროებები. როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს მოითხოვს ამ სამსახურებისგან გამბედაობას, თანმიმდევრულობას და მოითხოვს პროფესიონალიზმს, რადგან სამუშაო, რომელსაც ეს სამსახურები ასრულებენ, ძალიან ინტენსიურია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია, მათ შორის ისეთი სამსახურები, რომლებიც ასრულებენ ამ მნიშვნელოვან ზედამხედველობის ფუნქციას. ძალიან იმედგამაცრუებელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ იქნა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, რომლის დროსაც შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო რეფორმები, რათა ეს ინსტიტუცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. უკანასკნელმა პროცესებმა აშკარა დემონსტრირება მოახდინა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინსპექტორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაო. ამ სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაშიც კი იმედი გვაქვს, რომ ამ გუნდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო გაგრძელდება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის დაცვით. სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების გათავისუფლება არის დანაკლისი, რადგან ამ დონის გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანები იკარგებიან. ჩემი აზრით, ეს იყო არასაჭირო დანაკარგი, რამაც მხოლოდ შეასუსტა სისტემა. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ პარლამენტს, რომ გამოიყენოს დრო და იპოვონ ნამდვილად კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები იმ ორი სააგენტოს ხელმძღვანელების პოზიციაზე, რომლებიც იქმნება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მეთვალყურეობას დიდი ინტერესით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალი სამსახურები შეძლებენ ბალანსის დაცვას და ზედამხედველობის როლის მორგებას, რომელიც ამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებადი დემოკრატიისთვის,“- განაცხადა კელი დეგნანმა.