რეზოლუციის ეს ტექსტი ის ტექსტი არ არის, რითაც საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სიტუაციაში უნდა გამოდიოდეს - თუ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია არ იქნება, ეს რუსულად აბსოლუტურად ცალსახად გადაითარგმნება, - აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
ვაშაძემ უმრავლესობას რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე მისი კორექტირება შესთავაზა.
„2010 წელს, როცა უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლება მობრძანდა, 10 ივლისს ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან მითხრა, რომ იმ 12 მოთხოვნაში, რაც რუსებმა გამოაგორეს, იყო მოთხოვნა, გაეროში ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ. შეწყვიტეს! ჩემი თხოვნა იყო: - თავი არ შეიკავოთ, საერთოდ არ მიხვიდეთ ხმის მიცემაზე! რითი დაამთავრა უკრაინამ სიმბოლურ აქტებში არმონაწილეობა, კარგად ვიცით. მე აღნიშნულ რეზოლუციას ვერც ერთ შემთხვევაში მხარს ვერ დავუჭერ. ვერც წინააღმდეგ მივცემ ხმას - როგორი უსუსურიც არ უნდა იყოს ტექსტი, უარაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას ვერ მივცემ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე დეპუტატ ფრიდონ ინჯიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დასავლეთმა უკრაინა გაწირა. როგორც ვაშაძემ ინჯიას პასუხად აღნიშნა, დღეს უკრაინის მიმართ დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა რომ არ იყოს, რუსეთს ხარკოვი, პოლტავა, დნეპრი და კიევის გარეუბნები უკვე აღებული ექნებოდა.
“დიდი სისხლის ფასად, მაგრამ აღებული! ყველას ყელში ამოუვიდა რუსული იმპერიალიზმი“, - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.