არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა დავა იმაზე, თუ რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე კამათი, მით უფრო საზიანო იქნება მიმდინარე პროცესისთვის. მისივე თქმით, სპეციალისტებმა ოპტიმალური ტექსტი შეიმუშავეს.
"სიტყვათა წყობაზე გამოკიდება, თუნდაც მნიშვნელოვად ითვლებოდეს ეს, იმას ნიშნავს, რომ შედეგიდან პროცესზე გადავდივართ, რაც კარგად არასოდეს არ სრულდება, შედეგია მთავარი. საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მეგობარი ქვეყნის მიმართ. ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, როცა პოლიტიკოსები და კარიერის მოყვარულები ცდილობდნენ, რომ ჩართულიყვნენ მაგალითად კლინიკურ მედიცინაში, ეპიდემიოლოგიაში. რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის სპეციალური ცოდნა სჭირდება. საჭირო არ არის ასეთ პროცესებსა და დეტალებზე ორიენტირება, ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი,"- განაცხადა სერგეენკომ.