სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სასტუმრო „სტამბაში“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. თოლორაიას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს შექმნის დღიდან სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარუდგენს, ასევე ინფორმაციას მიაწვდის იმ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომელიც სამსახურს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა.
„ჩვენ დღეს ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იყო ის სექტორი, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
საერთაშორისო ორგანიზაციები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყვნენ სამსახურის მხარდამჭერები მისი ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში და ამ სექტორმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება. მინდა მათ გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის და ჩავაბარო ანგარიში რა გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში, იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან დიდი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი აქვთ ჩადებული სამსახურის განვითარებაში, ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიღწევებზე, რაც ჰქონდა ამ სამსახურს. ვფიქრობ, მთავარი მიღწევაა ის, რომ სამსახურმა მოიპოვა საზოგადოების ნდობა. ამ მიმართულებით ჩვენ კვლავ ბევრი ნაბიჯი გვქონდა გადასადგმელი იმისთვის, რომ მიგვეღო სამსახური ისეთი როგორი ფორმითაც უნდა შემდგარიყო, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოების ნდობის ის ხარისხი, რომლის მოპოვება ჩვენ ამ მცირე დროში შევძელით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ვაპირებ ვესაუბროთ იმ გამოწვევებზეც, რაც ამ სამსახურის წინაშე იდგა. პირველი ეს იყო საკანონმდებლო გამოწვევები, რომლის მოგვარების თხოვნითაც ჩვენ პარლამენტს დეკემბერში მივმართეთ, რომ გაძლიერებულიყო ბერკეტები და მექანიზმები, თუმცა ამ კანონის ნაცვლად იქნა მიღებული გაუქმების გადაწყვეტილება. გვქონდა ბევრი პრაქტიკული გამოწვევაც - ეს იყო თანამშრომლობის ნაკლებობა სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში თანამშრომლობის ნაკლებობა, ასევე ამ სამსახურის ფინანსური და ადამიანური რესურსები, რა მიმართულებითაც ჩვენ გვჭირდებოდა გაძლიერება“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.