ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც პრინციპში მიღწეულია, პირველი მარტიდან მე აღარ ვიქნები სახელმწიფო ინსპექტორი, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა.
ლონდა თოლორაიას აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ორად გაყოფის შედეგად არც ერთი ახალი ბერკეტი ან მექანიზმი არ ემატება და ორი ახალი სამსახური არაფრით ძლიერდება, ამიტომ ეს რეფორმა ამ სამსახურების გაძლიერებას არ ემსახურება.
„პარლამენტს არ მოუსმენია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში, რომელიც ზუსტად იმ პერიოდს შეეხებოდა, როდესაც ამ ორმა ფუნქციამ ერთად იარსება, 2020 წელს სამსახურისთვის არ დასმულა არც ერთი კითხვა, როგორ არსებობდა ეს ორი ფუნქცია და ქმნიდა თუ არა რამე პრობლემას. ვერ დასახელდა ვერც ერთი მაგალითი, რატომ ქმნიდა ამ ორი ფუნქციის ერთად არსებობა პრობლემას, რა თქმა უნდა, მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ამ სამსახურის გაყოფა მოხდა იმიტომ, რომ ამ ორმა ფუნქციამ უკეთესად იმუშაოს. არც ერთი ახალი ბერკეტი ან მექანიზმი ამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ ემატება, ეს ორი სამსახური არაფრით არ ძლიერდება, ამიტომ ეს ყველა ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ ეს რეფორმა რეალურად არ ემსახურება ამ სამსახურების გაძლიერებას. ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც პრინციპში მიღწეულია, პირველი მარტიდან მე აღარ ვიქნები სახელმწიფო ინსპექტორი. ეს სამსახური რეალურად იყო დამოუკიდებელი და იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ყალიბდებოდა ისეთ სამსახურად, როგორიც საზოგადოებაში იყო“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოთხოვნილი აქვთ დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს იმ ნორმების მოქმედება, რომელიც სამსახურის გაყოფას ითვალისწინებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოდან პასუხი არ გვქონია, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1-ელ მარტამდე. მოთხოვნილი გვაქვს დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას. ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. ვითხოვთ დროებითი ღონისძიების გამოყენებას და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.