„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მმართველი პარტიის წევრებს მიმართავს, გამოიყენონ გიორგი გახარიას პარტიის მიერ რეზოლუციის საკუთარი ტექსტის გაწვევით შექმნილი შესაძლებლობა, რათა რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეჯერდნენ.
როგორც ბოკუჩავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოსთვის სამარცხვინო იქნება, თუ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვა პოზიციებს დააფიქსირებენ.
„მივესალმებით კოლეგების გადაწყვეტილებას მათი რეზოლუციის პროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, რადგან მართლაც არსებობს მომენტები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, მართლაც არსებობს ზეპარტიული, ეროვნული საკითხები და უკრაინის მამართ სოლიდარობის გამოხატვა ნამდვილად არის ასეთი ზეპარტიული და ეროვნული საკითხი. ამიტომ მივესალმებით მათ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, ამ გაწვევით შექმნილი შესაძლებლობა, რომ შევჯერდეთ ერთ ტექსტზე, თქვენი მხრიდან გამოყენებული იქნება. პარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველოსთვის იქნება ერთი მხრივ, საზიანო და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე სამარცხვინო, თუ სხვადასხვა პოზიციებს დააფიქსირებენ პოლიტიკური ჯგუფები უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთი ხმით საუბრობდეს, ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას და უსაფრთხოებას, ისევე როგორც უკრაინის ღირსებასა და უსაფრთხოებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა უკრაინასთან დაკავშირებით ინიცირებული რეზოლუციის პროექტი უკან გაითხოვეს.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტის გამოთხოვის პროცედურას დღესვე დაიწყებენ.