„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა თხოვნით, უზრუნველყოს პარლამენტის შენობაში მოქალაქეების შეყვანა, მათ შორს სამოქალაქო აქტივისტების, რომელთაც შესაბამისი საშვების მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
როგორც ბოკუჩავამ განმარტა, მოქალაქეებს სურთ, დაესწრონ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ.
თავდაპირველად სამხარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში საშვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად არ იღებს, ხოლო მოგვიანებით ბოკუჩავას უთხრა, რომ დაეხმარება. „მივწერ, ვისაც საჭიროა“, - განაცხადა სამხარაძემ.
„ეს ხომ პირველი შემთხვევაა არაა, ცინიზმი უადგილოა. ხშირად ხდება, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამა თუ იმ კომიტეტზე დასწრებაზე, გარკვეული ჯგუფი შემოსვლას ცდილობს და მათ ექმნება ხელოვნური წინააღმდეგობა პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ კომიტეტის ფორმატში ხელმძღვანელი პირი თქვენ ხართ. გასაგებია, რომ უფლებამოსილი არ ხართ საშვებზე, მაგრამ ალბათ, უფლებამოსილი ხართ დაუკავშირდეთ შესაბამის პირს და დაგვეხმაროთ, რომ ადამიანებს, რომელთაც აინტერესებთ დღევანდელი განხილვა და სურთ, კომიტეტს დაესწრონ, რადგან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სახით, დაგვეხმაროთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების შემოსვლა და დასწრება სხდომაზე, რომელიც საჯაროა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.