ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ იონინაძე და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ჩარქსელიანი, უმაღლესი აკადემიური შედეგებით ქუთაისის მერიის სტიპენდიანტები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, წარჩინებულ სტიპენდიანტ სტუდენტებს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა და ისინი დააჯილდოვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე.
„ქუთაისის მერიის სტიპენდიანტების პროგრამაში თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიანტებად 2-2 სტუდენტი არის წარდგენილი.
ქუთაისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მარიამ იონინაძე მაღალი აკადემიური მოსწრების გამო სარგებლობდა ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა გრანტით. ის აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში, მონაწილეობდა ტიმისუარას დასავლეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში (რუმინეთი), ხოლო მარიამ ჩარქსელიანი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო სარგებლობს ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა გრანტით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.