ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული პირების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლის მოწყობის საჭიროება არ დგას. ამის შესახებ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მობილიზებულია 8 ათასი საწოლი, საიდანაც 5 ათასია დაკავებული.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, სამინისტრო პროცესის მართვისთვის ონლაინკლინიკების დამატებასაც გეგმავს.
„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5 ათასი ჩვენი მოქალაქე. კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. ამაში ჩართულია 2500 ოჯახის ექიმი და პრიორიტეტულად ახორციელებენ ისინი ზარებს და უკუკავშირს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებები აქვთ და სხვა გართულებების რისკი სადაცაა. ხდება როგორც შემოსული ზარების აღრიცხვა, ასევე ადგილზე ტესტირებების შემდეგ ინფორმაციის სრულად მიწოდება.
რაც შეეხება საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროებას, დღეის მდგომარეობით და პროგნოზით ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი. იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.