აღარ ვიცი, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე შემოსვლაა - ალბათ, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ვერ მიხვდებიან, პარლამენტში მათი მერამდენე შესვლა-გასვლაა, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის თაობაზე.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება“.
„ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ისეთი ბუნებისაა, რომ ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში, დღის წესრიგი არა აქვს. მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. ნეტავ, ვცდებოდე, მაგრამ არ მგონია, მათ პარლამენტში რაიმე პოზიტიური შემოიტანონ. გამიხარდება, თუ მათი მხრიდან რეალური პოლიტიკური საქმიანობა დაიწყება. სამწუხაროდ, ამ რადიკალურ ძალას ის ბუნება არ აქვს, რომ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს. აქამდე, მათი მხრიდან პლენარული სხდომის მაგიდაზე ახტომა და სპიკერატში შეჭრა ვიხილეთ. ვერც ერთ კანონპროექტს ვერ დამისახელებთ, რომელიც მათ წარმოადგინეს და დისკუსია გაიმართა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება.