კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნები“(ISFED) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავენ.
როგორც ISFED-ის თავმჯდომარე ნინო დოლიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმის გამო, რომ თანამშრომლები გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს და არ ეთანხმებიან კულტურის მინისტრის მოსაზრებებს, ეს არ უნდა იყოს მათი გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, როგორც დოლიძე განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ ISFED მუშაობს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულების საკითხებზე, ამ შემთხვევაშიც აქტიურად ჩაერთვებიან კულტურის სამინისტროს ქვეუწყებებიდან გათავისუფლებულების უფლებებისათვის.
„ISFED-ისთვისაც მიუღებელია შრომითი უფლებების დარღვევა და იმის გამო, რომ ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ ან კრიტიკულ მოსაზრებას, ან იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ არ ეთანხმებიან კულტურის მინისტრის პოლიტიკას, ხდება მათი დაუსაბუთებელი, დისკრიმინაციული გათავისუფლება, ან პოზიციების ცვლილება, შესაბამისად, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაციაც ზოგადად მუშაობს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, ჩვენც ვუერთდებით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სამინისტროში გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დასაცავად", - განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, ნინო დოლიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლების ხელწერას "თეა წულუკიანი მუდმივად იყენებს".
"ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ იმას, რომ უკვე არამხოლოდ ერთი სამსახურის დონეზე, საერთოდ მიუღებელია განსხვავებული აზრი, მიუღებელია კრიტიკული აზრი და მმართველი პარტია, როგორც პარტიულ დონეზე, ასევე უკვე სახელმწიფო დაწესებულებების დონეზე საერთოდ იშორებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული შეხედულებები. ეს შესაძლოა იყოს პოლიტიკური, შესაძლოა, უბრალოდ საქმიანი და ისინი ცდილობენ, დაუქვემდებარონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და საკუთარ პოლიტიკას ყველა, ხოლო ვინც განსხვავებულად აზროვნებს, ხდება მათი გათავისუფლება. კულტურის დღევანდელი მინისტრის პოლიტიკა განსაკუთრებულია და კულტურის მინისტრის წინა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში ვნახეთ ჩვენ იგივე რეპრესიული გათავისუფლებები და შესაბამისად, ეს არის ის ხელწერა, რომელსაც თეა წულუკიანი მუდმივად იყენებს", - განაცხადა დოლიძემ.