პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი კოვიდპანდემიაა, რის გამოც კომიტეტის წევრები პარლამენტში ვერ მივიდნენ და კვორუმი ვერ დგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.