"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად პარტია რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა მოხდეს მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის რედაქტირება იმგვარად, რომ მან ასახოს საქართველოს ინტერესები და ამავდროულად მართლა იყოს სოლიდარობის გამომხატველი უკრაინისთვის.
"შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ განვიხილეთ ალტერნატიული ტექსტის დაყენების საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ამ რეზოლუციის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მან ასახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მართლა იყოს სოლიდარობის გამომხატველი უკრაინისთვის. ახლა ის არაფრისმთქმელი ტექსტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა და სადაც სიტყვა რუსეთის ხსენებაც კი არ არის, ვერცერთ ამ მიზანს ვერ ემსახურება",- განაცხადა ბოკუჩავამ.