„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ მათ პარლამენტს უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუცია წარუდგინონ. როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას, იმ ფორმით როგორიც ის არის, „რეფორმების ჯგუფი“ და არც სხვა ოპოზიციური ფრაქციები მხარს არ დაუჭერენ. თუმცა როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატები რეზოლუციის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას მხარს არ ვუჭერთ, იმიტომ, რომ ის მოკლებულია შინაარსს. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია უნდა იყოს მხარდამჭერი რეზოლუცია და არა ფარატინა ქაღალდი ან ამის პროფანაცია. იქ თუ ნახსენები არ არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, თუ ვინ ემუქრება უკრაინას, რომ რუსეთის აგრესია არ უნდა დავუშვათ, რასაც მთელი მსოფლიო აცხადებს, მაშინ ეს რეზოლუცია აზრს კარგავს, მაშინ ეს არის უბრალოდ ლოზუნგები, რომ ქვეყნებმა არ უნდა იომონ ერთმანეთთან, მშვიდობა უნდა იყოს მსოფლიოში, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არ არის რეზოლუცია, ეს არის კომუნისტური ლოზუნგები და ასეთ არაფრისმთქმელ ლოზუნგებს, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, მითუმეტეს, რომ იყო მოლაპარაკება და საქმიანი მუშა პროცესი და შეთანხმებული იყო, რომ ეს სიტყვები იყოს ჩადებული. ამ მხრივ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი თეონა აქუბარდია იყო მომლაპარაკებელი და მედიატორი, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ჩვენ და ყველა ჩვენმა კოლეგამ ოპოზიციიდან, მაგრამ ამის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე საათში რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება.
საკომიტეტო მოსმენებზე როდესაც რეზოლუცია გამოვა, რა თქმა უნდა, ჩვენი დეპუტატები აქტიურად იქნებიან ჩართულები, რადგან ფაქტობრივად მათი ინიციატივა იყო, რომ ერთობლივი, ქვეყნის სახელით ყოფილიყო წარდგენილი რეზოლუცია. რა თქმა უნდა, შევეცდებით, კვლავ დავარწმუნოთ ხელისუფლება, რომ შინაარსი იდოს ამ რეზოლუციაში, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ჯერჯერობით მიდის ამაზე მუშაობა, რომ მიუხედავად შედეგისა, ჩვენი ალტერნატიული რეზოლუციაც პარლამენტისთვის იქნას შეთავაზებული. არსებულ რეზოლუციას ამ სახით, რა თქმა უნდა, არც „რეფორმების ჯგუფი“ და როგორც ვიცი, არც სხვა ოპოზიციური ფრაქციები მხარს არ დაუჭერენ “, - განაცხადა ჩიხლაძემ.