ურთიერთობა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს, არის უმაღლეს დონეზე, არის სრული კოორდინაცია - ჩვენმა უკრაინელმა და დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველო უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ერის გვერდითაა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
გივი მიქანაძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში ცალსახად ასახულია უკრაინისადმი მხარდამჭერი ყველა გზავნილი და თემით ოპოზიცია სპეკულირებს.
მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტი ცალსახად გამოხატავს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“რეზოლუცია ასახავს ჩვენი მხრიდან უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას. ტექსტი დაბალანსებულია და მასში ასახულია ყველა გზავნილი, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რაც ეხება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ყოველგვარი ესკალაციის დაუშვებლობას, ასევე მის გადაწყვეტილებას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელწიფო, რაში ჩარევისა და ზეგავლენის შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. პროექტში ცალსახად არის მითითებული, რომ პარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციისთვის იმ მიზნით, რომ ესკალაცია დეესკალაციისკენ წავიდეს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არანაირი საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.