აჭარის რეგიონიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.
„წარმატებული იყო ციტრუსის სეზონი აჭარაში და ამ წარმატების განმსაზღვრელია ჩვენი მოსახლეობის განწყობები. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, მეციტრუსე ფერმერებთან, ექპორტიორებთან და უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეულია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, 38 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. მიმდინარე სეზონზე 30-მდე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმო მუშაობდა.