გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში კომპანია „რუსელოისის" ფეროშენადნობთა საწარმოში არსებულ გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლმენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მაია ბითაძის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის უკვე ახალი ნაგებობა მოეწყობა, დამონტაჟდება ჰაერის გაწმენდისა და ორგანიზებული გაფრქვევის ახალი სისტემა.
„ჩვენ დავიწყეთ ერთგვარი რევიზია იმ კომპანიებისა, რომელთაც უკანასკნელ პერიოდში კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ევალებათ ატმოსფერული ჰაერის თვითმონიტორინგის სისტემის დაყენება და ფილტრაციის სისტემის გამოსწორება. პირველი იყო კომპანია „რუსელოისის" ფეროშენადნობთა საწარმო. კომპანიას დაწყებული აქვს შესაბამისი ტექნიკის და ფილტრაციის სისტემის შეძენის პროცესი. მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იქ უკვე მოეწყობა ახალი ნაგებობა, დამონტაჟდება ჰაერის გაწმენდისა და ორგანიზებული გაფრქვევის ახალი სისტემა და ეს იქნება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
მსგავსი ღონისძიებები გატარდება სხვა კომპანიებთან მიმართებითაც, განსაკუთრებით რუსთავში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ ხელშესახები შედეგები გვექნება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით", - განაცხადა მაია ბითაძემ.