რეზოლუციის ირგვლივ მხარეების ლუსტრირება მოხდა - ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს სურთ დესტაბილიზაცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთს თავის სახელი საერთაშორისო სასამართლოებში დაარქვა.
"ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას და ნაბიჯს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის და კონსულტაციის ფარგლებში ვდგამთ. რაც შეეხება განსხვავებას, ეს არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ საქართველოს ტერიტორიის 20% დააკარგინა და ამ პოლიტიკურმა გუნდმა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, საქართველოს სამხედროები, ჩვენი გმირები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, მაშინ, როცა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ კონკრეტული გადაწყვეტილებებია - ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, ხოლო რუსეთს თავის სახელი დავარქვით საერთაშორისო სასამართლოებში", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა პარტიის „დროა“ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტს და აღნიშნა:
"ის საკითხი, რომ ამ ყველაფერმა განსაკუთრებით აღაშფოთა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეციალისტია საკუთარი დიპლომით, ადასტურებს იმას, რომ ეს პოლიტიკა არ აწყობს და არ შედის პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში".