საჭიროდ ჩავთვალეთ ელჩისთვის აგვეხსნა რა პრინციპული განსხვავებები იყო და რის გამო არ მოხდა ერთიანობის დემონსტრირება საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ოპოზიციამ გააგრძელოს ბრძოლა, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში ცვლილებების შეტანისთვის.
,,მას გავუზიარეთ ის განსხვავებები, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მოხსენიება აგრესიასთან მიმართებაში იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიები აქვს მითვისებული. ამასთან ერთად, გავუზიარეთ სამომავლო ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა საპარლამენტო რეზოლუციაში ცვლილებების შეტანისთვის. აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ეს არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარეობს, არამედ იმ საერთო გამოწვევიდან, რომელსაც ჰქვია რუსეთი და საერთო ინტერესებიდან, რასაც ჰქვია ნატო-ში წევრობა. ეს ერთობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
აღნიშნული რეზოლუციით „პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“.