მაინტერესებს, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება - იმ არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტს სთხოვთ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ ფორმალობას ეძახით?! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, თენგიზ თევზაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
ალუდა ღუდუშაურმა კანდიდატს ის სატელევიზიო ინტერვიუები გაახსენა, რომლის მიხედვითაც, თევზაძე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩატარებული არჩევნების მიმართ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა.
„მაინტერესებს, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება, აღიარებთ ამ არჩევნებს, რამდენად ლეგიტიმურად ცნობთ და ა.შ. თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია, 2020 წლის არჩევნებს უწოდებთ უბრალოდ ფორმალობას. დღეს, თქვენ ამ პარლამენტისგან ითხოვთ და მითუმეტეს, ძალიან მკაცრი ტონით მიგვითითეთ, რომ ფართო კონსენსუსი და ყველა პარტიის მხარდაჭერა გექნებათ და იმ არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტს სთხოვთ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ ფორმალობას ეძახით. მინდა გკითხოთ, თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა, რომ პარლამენტში იყო შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით? ასეთ შემთხვევაში, თქვენ რატომ არ ითანამშრომლეთ დროებით საგამოძიებო კომისიასთან? ამიტომ, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ საქართველოს ისტორიაში, არჩევნებთან დაკავშირებით როდესმე ვინმეს შეექმნას ისეთი მაღალი შესაძლებლობის მქონე ინსტრუმენტი, როგორიც არის დროებითი საგამოძიებო კომისია. ამაზე რა არის თქვენი პასუხი, თუ ესეც ფორმალობაა? - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
საპასუხოდ თენგიზ თევზაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ (სამოქალაქო პლატფორმა 2020), რომელსაც წარმოადგენდა, გაავრცელა განცხადება, რომ მათი სურვილი იყო გამოკითხული ყოფილიყვნენ კომისიაზე.
„თუმცა, ეტყობა მაშინ მცირე ორგანიზაცია ვიყავით და არ ჩაითვალა საჭიროდ“, - განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება არჩევნებს, თენგიზ თევზაძის განცხადებით, არც ერთ ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა, არ არის ნათქვამი, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და საუბარი იყო სადამკვირვებლო მისიის შეფასებაზე, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმედ.
„2020 წლის არჩევნებთან დაკავშრებით, არც ერთ ანგარიშში არ გვითქვამს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და გაყალბებასთან დაკავშირებით ამას სჭირდება შესაბამის პროცედურები და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი შეფასება შესაბამისი ინსტიტუტების. ხოლო ის, რომ არჩევნები ჩატარდა მძიმედ, ეს არის უკვე სადამკვირვებლო მისიის შეფასება და სადამკვირვებლო მისიის შეფასებაზე მზად ვარ გაგცეთ პასუხი,“- განაცხადა თევზაძემ.