მე ვსვამ კითხვას და მის ფორმულირებას მე განვსაზღვრავ, დირექტორები ხომ არ გგონიათ თავი?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს უსმენენ.
პაატა მანჯგალაძესა და ანრი ოხანაშვილს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც პაატა მანჯგალაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს თენგიზ თევზაძეს შეკითხვით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ არ აპირებს დისკუსიის გამართვას იმაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში და ამაზე როგორც ჩანს, ოპოზიცია და უმრავლესობა ვერასდროს შეთანხმდება. საპასუხოდ ოხანაშვილმა მიუთითა, რომ მანჯგალაძე „გაყალბებულ პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, მაგრამ შევიდა“.
მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ლეგიტიმაცია არჩევნების და გაყალბებაც არის ხარისხობრივი და ამაზე დავა შეიძლება, რის საპასუხოდაც ოხანაშვილმა მას ჰკითხა: „ცოტათი გაყალბდა?“.
„გაყალბების ფაქტები მიაწოდეთ საგამოძიებო კომისიას?“- ჰკითხა ოხანაშვილმა, რის საპასუხოდაც მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიმართ ნდობა არ ჰქონია და კომისიასთან არ ითანამშრომლა.
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური დაინტერესდა, რატომ არ გაუგზავნა მანჯგალაძემ საგამოძიებო კომისიას გაყალბების მტკიცებულებები თუ ასეთი მას ჰქონდა.
„რა გაღიზიანებთ? რაზე ხართ გაბრაზებული, ჩემი ნებაა გამოვაგზავნი თუ არა. დირექტორები ხომ არ ხართ?" - მიმართა მან ღუდუშაურს. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს კორექტულობიკენ მოუწოდა. მანჯგალაძეს კი მოუწოდა შეკითხვა დაუსვას კანდიდატს, რადგან გაყალბებაზე არგუმენტი არ აქვს და ამაზე პასუხი ექნებათ.
მანჯაგალძის თქმით, კითხვის ფორმულირებას როგორც სურს ისე ჩამოაყალიბებს და კანდიდატს კითხვით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ NDI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი საკითხია ამომრჩევლის ნდობა, თუმცა, ოხანაშვილმა მას გააწყვეტინა და მოუწოდა, რომ NDI-ის გარეშე ისაუბროს და ეს მერე შეაფასოს.
„მე ვსვამ კითხვას და ფორმულირებას და შინაარსს მე განვსაზღვრავ, დირექტორები ხომ არ გგონიათ მართლა თავი აქ თქვენ? სასაცილოა, პირველად არ ვარ პარლამენტში, ბევრი მინახავს სტატუსებით კმაყოფილი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ოხანაშვილმა მას მოუწოდა, რომ ჩამოყალიბდეს სიყალბეში მონაწილეობს დღეს, თუ პარლამენტშია.
„არჩევნები არ გაყალბებულა, შეფასდა ლეგიტიმურად და საერთაშორისო საზოგადოებამ მოგიწოდათ რეზოლუციით, დემოკრატიას ძირს ნუ უთხრითო. დღეს აქ ხართ და გვმოძღვრავთ, ამის უფლებას ვერ მოგცემთ,“- განაცხადა ოხანაშვილმა.